ჯანჯაფილის საახალწლო ორცხობილის მასტერკლასი

1 წუთი წასაკითხად

ევროპაში ჯანჯაფილის ორცხობილას მას მერე აცხობენ, რაც ჯვაროსნებმა აღმოსავლეთის ქვეყნებიდან სხვადასხვა სანელებელი ჩაიტანეს. მისი ცხობის ტრადიცია სწრაფად გავრცელდა ევროპაში, მოგვიანებით კი ამ ტკბილეულის შესახებ ოკეანის გადაღმაც გაიგეს. Gingerbread — ასე უწოდებენ ამ ორცხობილას ინგლისურენოვან ქვეყნებში XV საუკუნის ბოლოდან.

გთავაზობთ ჯანჯაფილის ორცხობილას ტრადიციულ რეცეპტს.

ცომის მომზადება

ჯამში აურიეთ ყველა მშრალი ინგრედიენტი: ფქვილი, შაქრის პუდრა, დარიჩინი, მარილი. დაუმატეთ კარაქი, თაფლი, კვერცხი და გახეხილი ჯანჯაფილი. აურიეთ ყველაფერი კარგად.

კარგად მოზილეთ ცომი ხელით. გააკეთეთ ერთი დიდი ან ორი საშუალო ბურთი და შედგით მაცივარში ერთი საათით.

გაბრტყელება და ფიგურები

ფქვილმოყრილ ზედაპირზე გააბრტყელეთ ცომი. იმისათვის, რომ ცომი არ მიგეკროთ და არ გაგეხეთ, შეგიძლიათ ის ორ ფურცელ პერგამენტს შორის მოათავსოთ. გაბრტყელებული ცომის სისქე 3-5 მმ უნდა იყოს.

გამოჭერით ფიგურები სპეციალური კულინარიული ფორმების ან ქაღალდის ტრაფარეტების მეშვეობით. გადაიტანეთ ფიგურები გამოსაცხობ, ქაღალდაფენილ ტაფაზე. თუკი ნაძვის ხეზე დასაკიდადაც გინდათ, მაშინ წინასწარ გაუკეთეთ ნახვრეტები, რომ შემდეგ ლენტი გაუყაროთ.

ცხობა

აცხვეთ 7-10 წუთის განმავლობაში 180-200 გრადუს ტემპერატურაზე. ყურადღება მიაქციეთ დროს — არ გამოგიშრეთ ორცხობილები! მზად იქნება, როგორც კი ორცხობილები შევარდისფრდება.

გააზიარე
  • #ახალიწელი
  • #საახალწლოორცხობილა
  • #ჯანჯაფილი
  • #Gingerbread